საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების,
თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს
წინამძღოლის თავად კონსტანტინე ჩოლოყაშვილის

მიმართვა

მოხარული ვარ მოგესალმოთ საქართველოს თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს სახელით, რომელიც დაარსდა 1990 წელს და აერთიანებს მრავალ წევრს. მისი მიზანია გააღვიძოს ხალხში მივიწყებული გრძნობა თავად-აზნაურული მოვალეობისა მამულისა და ერის წინაშე, ააღორძინოს რუსეთის იმპერიის 200 წლიანი ტყვეობის შედეგად დაკარგული სახელმწიფოებრიობის ტრადიციები, ხელი შეუწყოს ქვეყნისა და ერის გამთლიანების პროცესს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბების საქმეში. ქართველმა თავად-აზნაურობამ და ინტელიგენციამ კომუნიზმის 70 წლიანი ბატონობის განმავლობაში მეტად დიდი მსხვერპლი გაიღო. მისი საუკეთესო ნაწილი შეეწირა წითელ ტერორსა და რეპრესიებს, ხოლო დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. ქართველი თავად-აზნაურობა სრული ფიზიკური განადგურების წინაშე იდგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერის სულიერი ენერგიის წყალობით მაინც შეძლო არა მარტო გადარჩენა, არამედ თავისი კუთვნილი ადგილის დამკვიდრება ქართველი ერის ცხოვრებაში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საკრებულოს მთავარ ამოცანად მივიჩნევთ ჩვენი ერთიანი სამშობლოს დაცვას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და კულტურულ და სულიერ განვითარებას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველოსათვის კი საუკეთესოდ კონსტიტუციურ-მონარქისტულ წყობას მივიჩნევთ, როგორც ყველაზე რაციონალურს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი საქმიანობა ზეპარტიულია, ჩვენს ურთიერთობას სხვა პარტიებთან და მოძრაობებთან განსაზღვრავს ის თუ რამდენად გაიზიარებენ ისინი ამ მოთხოვნებს. ვიმედოვნებთ რომ, ჩვენი ოფიციალური ინტერნეტ-ვებ-გვერდი დააინტერესებს როგორც ჩვენს თანამემამულეებს, ასევე ყველა იმ ემიგრანტს, ვინც იზიარებს ჩვენს პრინციპებს, მიუხედავად თავისი სოციალური წარმოშობისა.

გისურვებთ ყოველივე კარგს გვფარავდეს ღმერთი.

თავადი კონსტანტინე ჩოლოყაშვილი.